ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

გიორგის ქალი გაუჩნდა

167

გიორგის ლოგინში ქალი გაუჩნდა. თავიდან ფიქრობდა, რომ ამაში საშიში არაფერი იყო და ქალი თავისით გაიწოვებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. უფრო მეტიც _ ქალმა გავრცელება დაიწყო. ის სწრაფად გავრცელდა ოთახში, მოედო სამზარეულოს და დაიკავა სააბაზანოც. მეორე ოთახის გადარჩენაც კი ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ძალიან ცდილობდა და ყველანაირად ადეზინფიცირებდა ოთახს.

სპეციალურად დაჭერილმა და სახლში მოთრეულმა კატამ და ძაღლმაც კი ვერ უშველეს საქმეს და ვერ განდევნეს ქალი. გიორგის სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. სამასხურის მერე მას უკვე კატის მოსაქმებულების აწმენდა და ძაღლის გასეირნებაც უწევდა.

გიორგიმ გადაწყვიტა ყველაფერი მამისთვის მოეყოლა. მათ მამაკაცურად ისაუბრეს და მამამ უპასუხა, რომ მისი საქმე ცუდადაა. რომ ეს უკვე უბრალოდ ქალი კი არა, უკვე ცოლია. და რომ მისი ამოყვანა ადრე უნდა დაეწყო. და რომ ამ ეტაპზე უბრალო საშუალებებით ვეღარაფერს გახდებოდა.

გიორგის ცოლის მოშორებაზე უარი განუცხადეს სან-ეპიდემ სამსახურსა და სახლმმართველობაშიც. შემდეგ, სპეციალურ, მარტოხელების ჟურნალში მან წაიკითხა, რომ ცოლის მოშორება ნასკებით შეიძლებოდა. თუმცა, რამდენიც არ უნდა დაეყარა ბინაში ნასკები, ცოლი მაინც არ ქრებოდა. ქრებოდნენ თვითონ ნასკები, დანარჩენი ჭუჭყიანი ტანსაცმელი და საერთოდ ყველანაირი ნაგავი, რომელსაც გიორგი ასე ძალიან იყო მიჩვეული და რომლის გარეშეც მას დეპრესია ეწყებოდა.

გიორგის ალერგიაც დაეწყო. ადრე მას გოგოები უყვარდა. ახლა კი, ყოველი, თუნდაც შემთხვევით მათკენ გახედვის შემდეგ, მას სახე უსივდებოდა, ტუჩები უსკდებოდა, ლოყაზე ნაჭდევები უჩნდებოდა. გოგოები მას ახლოს არ ეკარებოდნენ როდესაც იგებდნენ, რომ ქალი ჰყავდა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს გადამდებია, მათაც შეიძლება დაეწყოთ ალერგია და რომ არ უნდათ დაზიანებული სახე და ალაგ-ალაგ თმის ცვენა.

მეგობრებმა არყით მკურნალობა ურჩიეს. უთხრეს კარგად ამოჰყავს ცოლიო. ლევანიმ ეგრე ქნაო. გიორგმაც სცადა, თუმცა, ადრე თუ მარტო დილაობით სტკიდა ხოლმე თავი, ახლა ზოგჯერ მთლიანად ტანში ამტვრევდა უკვე პირველივე ჭიქის შემდეგ. ადრინდელი 7-12 საათიანი მხიარული შუალედი დალევასა და ნაბახუსევს შორის, ისე შემცირდა, რომ თითქმის აღარც იგრძნობოდა.

გიორგიმ შეამჩნია, რომ ცოლი ძალიან მწვავე მოვლენაა. ის ანადგურებდა ყველაფერს, ის მათ უბრალოდ აქრობდა. თავიდან გაუქრო სახარჯი ფული, მერე მეგობრები, შემდეგ თავისუფალი დროც…

გიორგიმ სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. მას მთელი ღამე არ უძინია. მას შიში თანჯავდა. მას ყოველთვის ესინოდა ტკივილის, მჩხვლეტავი საგნებს, სისხლის; მას არ სიამოვნებდა იმასზე ფიქრი, რომ სახლხი სპეციალურ ფორმაში უცერემონიო კითხვების დასმას დაუწყებდნენ… მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა გაეკეთებინა ეს. მივიდა მძინარე ცოლთან. რამდენიმე წუთი თავზე ეგდა, უყურებდა და თან კანკალებდა.

მერე კი გამოვარდა სახლიდან და საავადმყოფოსკენ გაიქცა. ექიმის კაბინეტში ის დიდ ხანს ვერ ამბობდა რა უჭირდა.

_ ექიმო, მე ის მჭირს… როგორც მამაკაცმა, უნდა გამიგოთ… ძალიან ინტიმურია და მრცხვენია… არა, არ შემიძლია ასე! მედდა გავიდეს და ვიტყვი.

ექიმი და მედდა შეეცადნენ მის გადარწმუნებას, რომ ტყუილად რცხვენია, მაგრამ არფერი გამოუვიდათ. მედდა გავიდა. გიორგიმ ყველაფერი მოყვა. ექიმი მოიღუშა.

_ სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მივუშვი ეგ ამბავი. თავიდან, როდესაც შევნიშნე, ვიფიქრე, რომ თავისით გამივლიდა, მაგრამ ის სწრაფად პროგრესირებდა ცოლობისკენ და ქრონიკული ფორმა მიიღო…

ისინი გადაეხვივნენ ერთმანეთს და 15 წუთი ტიროდნენ. ექიმმა ჯანსაღი ცხოვრების წესი და სამსახურში მეტი დროის გატარება გამოუწერა.

გიორგი სპორტით დაკავდა და კარიერულადაც წინ მიიწევდა. თავიდან მოსწონდა, თუმცა შემდეგ შეამჩნია, რომ ცოლმა გამრავლება დაიწყო და მას სულ უფრო და უფრო მეტი მუშაობა უწევდა.

ერთხელ, ტელეიზორში ფსიქოლოგი აჩვენეს და თქვეს, რომ ის ცოლებზე სპეციალიზირდება. გიორგი მეორე დღესვე მივიდა მასთან და უთხრა, რომ ცოლი ჰყავდა. ფსიქოლოგმა კი უთხრა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ასე ცუდად არაა. სინამდვილეში მას კი არ ჰყავს ცოლი _ ცოლს ჰყავს ის.

შემდეგ დილას გიორგიმ ხალისიანად გაიღვიძა, მას ცოვრება უხაროდა. “იტანჯოს” გაიფიქრა მან გაღიმებულმა. აი, ასეთი კარგი ხალხია ფსიქოლოგები.

One response to “გიორგის ქალი გაუჩნდა

  1. Tjorven-ჩორვენი July 21, 2016 at 2:18 PM

    : )))))))))))))))))))))))))))))))))))) ♥♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: